თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

ნათია სხილაძე

07 ნოემბერი 2021
ნათია სხილაძე

გზა ლიდერობისაკენ



მე გახლავართ ნათია სხილაძე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის უფროსი ექთანი. გზა წარმატებისკენ იყო წინააღმდეგობრივი და საკმაოდ რთული, თუმცა, ჩემი აზრით, არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ადამიანი ვერ დაძლევს, ამისთვის მთავარია - დასახული მიზანი, მონდომება და ბრძოლის სურვილი.

უმაღლესი განათლების მიღება ეკონომიკისა და სამართლის აკადემით დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სრულიად სხვა სფერომ მიმიზიდა და 2013 წელს ჩავაბარე საექთნო კოლეჯში, სადაც, სამწუხაროდ, არა ექთნის, არამედ ექთნის დამხმარის დიპლომი ავიღე. დამხმარის პოზიციაზე დავსაქმდი ინგოროყვაში ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში, სადაც აღმოვაჩინე, რომ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა პაციენტებთან ურთიერთობა, მათი მოვლა და დახმარება; მივხვდი, რომ ექთნობა იყო ჩემი მოწოდება და სწორედ ეს პროფესია უნდა გამხდარი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ ჩემი დიპლომით ექთანი ვერასდროს გავხდებოდი და დავიწყე იმაზე ფიქრი თუ რომელ საექთნო კოლეჯში ჩამებარებინა.

ამ დროს აღმოვაჩინე შპს ,,დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“, რომელიც პირველად სწორედ იმ წელს აცხადებდა მიღებას. გასაუბრებაზე მისვლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს იყო სწორედ ის ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო ცოდნის ამაღლება და განვითარება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამ კოლეჯის მთავარ მიზანს წარმოადგენს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფა სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსთან“ ერთად, რომელიც, თავის მხრივ, ნებისმიერ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს სწავლის დაფინანსება და შესთავაზოს დასაქმება. ვფიქრობ, რომ არა ეს კოლეჯი, ჩემი კარიერა ასე არ განვითარდებოდა.

 იყო ექთანი - არ არის უბრალოდ პროფესია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მუდმივად მოითხოვს განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას. ვამაყობ ჩემი პროფესიით და მიხარია, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ვზრუნავ ადამიანების სიცოცხლეზე. ჩემი აზრით, ექთნისთვის უმთავრესია საკუთარი საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფვა მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ. ჩემთვის უმთავრესი პაციენტების სიყვარული და ჩემზე დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებაა. მიუხედავად სირთულეებისა ვთვლი, რომ როცა შენი საქმე გიყვარს, სიძნელეები მინიმალურია.